სჭირდება თუ არა ქართულ ენას გაინგლისურება?

თინათინ მარგალიტაძე
ლექსიკოგრაფიული ცენტრი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

სჭირდება თუ არა ქართულ ენას გაინგლისურება?

სარჩევი


შესავალი

თანამედროვე ქართულ ენაში მიმდინარე პროცესებზე ზედაპირული დაკვირვებაც კი ნათელყოფს, რომ ენაში მნიშვნელოვანი ძვრები ხდება ენის თითქმის ყველა დონეზე, რაც უპირატესად ინგლისურ ენას და მის ყოვლისმომცველ გავლენას უკავშირდება.

შეიძლება ითქვას, რომ თანამედროვე ქართული ენის ისტორიაში დაიწყო ახალი ეტაპი, რაც ინგლისურ ენასთან მისმა მჭიდრო კონტაქტმა მოიტანა. ეს კონტაქტი კი მართლაც ყოვლისმომცველია: ინტერნეტი და თანამედროვე საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები; საერთაშორისო ურთიერთობები, პირდაპირი დიპლომატიური კავშირები უცხოეთთან, რაც დამოუკიდებლობის წლებს უკავშირდება; საბაზრო ეკონომიკა, ახალი სამეწარმეო და სამართლებრივი ურთიერთობები; რევოლუციური წინსვლები მეცნიერებისა და ტექნიკის თითქმის ყველა დარგში ბიოლოგიითა და მედიცინით დაწყებული და სოფლის მეურნეობით დამთავრებული და სხვა. ყველა ეს სიახლე ახალ ტერმინოლოგიასთან, ახალი ცნებების აღმოცენებასთან არის დაკავშირებული, რაც ბუნებრივად მოაწყდა ქართულ ენას სწორედ ინგლისური ენის მეშვეობით.

ვინაიდან ინგლისურ-ქართულ ლექსიკონებზე მუშაობის გარკვეული გამოცდილება მაქვს, გამიჩნდა სურვილი გავაანალიზო ინგლისური ენის გავლენით ქართულ ენაში მიმდინარე პროცესები და შემოგთავაზოთ ჩემი მოსაზრებები ამ საკითხებთან დაკავშირებით.

↑ სარჩევი

1. ინგლისურენოვანი ბარბარიზმები თანამედროვე ქართულში

1.1. ნასესხობა

როგორც თანამედროვე ქართული ენის ანალიზი გვიჩვენებს, ქართულ ენაში მრავლადაა სპარსული, თურქული, არაბული, რუსული თუ სხვა ენებიდან ნასესხები სიტყვები. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ინგლისური ძირის სიტყვებსაც ფართოდ უნდა გავუღოთ ქართული ენის ლექსიკის კარი და თამამად დავუშვათ ენაში? აქ საჭიროა გავაანალიზოთ განსხვავება ნასესხობას, უცხო სიტყვასა და ბარბარიზმს შორის.

ენის ისტორია განუყოფელია ერის ისტორიისაგან და ენის ლექსიკა ჟამთააღმწერლის სიზუსტით ასახავს ერის ისტორიულ პერიპეტიებს.

როგორც აღინიშნა, ქართულში მრავლადაა ნასესხები სიტყვები არაბულიდან, სპარსულიდან, თურქულიდან; რაც შეეხება რუსული ენის გავლენას, ამ გავლენის მასშტაბები, ჩემი აზრით, არ არის ბოლომდე შესწავლილი და გაანალიზებული. ამ გავლენის შედეგებს დღესაც ვიმკით იმ აურაცხელი რუსულენოვანი ბარბარიზმებით, რისგანაც ენა ჯერ კიდევ ვერ დაიწმინდა. ნიშანდობლივია, რომ 1887 წელს ლადო აღნიაშვილი, თავისი "უბის ლექსიკონის" წინასიტყვაობაში, წერს:

ხუთი წამიც კი ვერ ლაპარაკობენ დღეს წმინდა ქართულ ენაზე ისე, რომ საუბარში რუსული სიტყვები არ გაურიონ, რაც ღვთისაც წინააღმდეგია და კაცისაც არა სასიამოვნო

ლადო აღნიაშვილი

როდესაც რუსული ენის გავლენაზე ვსაუბრობთ, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ რუსული ენიდან ქართულში ბევრი ინდოევროპული ძირის სიტყვა შემოვიდა, რადგან რუსული ენა, ერთი მხრივ ინდოევროპული ენაა (ისევე როგორც ინგლისური, გერმანული, ფრანგული და ბევრი სხვა ენა), და მასში არის ინდოევროპული წარმოშობის სიტყვები, მეორე მხრივ, რუსულ ენაში, ფრანგული ენის გავლენით, ბევრი ფრანგული სიტყვა შევიდა, რომელთა დიდი ნაწილი ლათინური ძირისაა. ამდენად, რუსული ენის გავლენის შედეგად, ნაწილობრივ მოხდა ქართული ენის "გაევროპელება" და ეს კარგად ჩანს თუნდაც ისეთი სინონიმური რიგების შედარებით, როგორიცაა:

  • პრიორიტეტული - უპირატესი
  • რეზულტატი - შედეგი
  • ექსპერიმენტი - ცდა
  • კომფორტი - სიმყუდროვე
  • კომპენსაცია - ანაზღაურება
  • ტალანტი - ნიჭი
  • ტრანსფორმაცია - გარდაქმნა
  • პროგრესი - წინსვლა
  • ირიგაცია - მორწყვა
  • ექსპერტი - მცოდნე
  • კორპორაცია - გაერთიანება
  • კორუფცია - მექრთამეობა
  • ტენდენცია - მიმართულება
  • კორექტული - სწორი
  • ნეგატიური - უარყოფითი
  • პოზიტიური - დადებითი
  • ავთენტიკური - სარწმუნო
  • პუბლიკაცია - ნაშრომი
  • და მრავალი სხვა

ეს უცხო სიტყვები ძირითადად რუსული ენიდან შემოვიდა ქართულ ენაში, თუმცა თავისუფლად შეიძლებოდა შემოსულიყო სხვა ევროპული ენიდან. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ეს სიტყვები ქართულ ენაში დამკვიდრდა იმ მნიშვნელობით, რა მნიშვნელობაც მათ ჰქონდათ რუსულ ენაში (ამ საკითხს ქვემოთ დავუბრუნდებით).

ქართული ენა, ცხადია, არ არის გამონაკლისი ამ თვალსაზრისით. ნებისმიერი ენის ლექსიკის ეტიმოლოგიური ანალიზი ცხადყოფს, რომ იგი შედგება მშობლიური სიტყვებისა და ნასესხები სიტყვებისაგან.

თავად ინგლისურ ენაში, რომელიც ბარბარიზმების ძირითადი წყაროა თანამედროვე ქართულისათვის, ლექსიკის თითქმის 60% ლათინური და ფრანგული ძირის სიტყვებია. ეს ნასესხობა გამოიწვია ნორმანების მიერ 1066 წელს ინგლისის დაპყრობამ, რის შემდეგაც სამ საუკუნეზე მეტხანს ინგლისში სახელმწიფო ენა ფრანგული ენა იყო. მანამდე, ინგლისი სკანდინავიელებს ჰქონდათ დაპყრობილი, რაც ასევე აისახა ენის ლექსიკაში სკანდინავიური ნასესხობის სახით.

ენის ისტორია განუყოფელია ერის ისტორიისაგან და ენის ლექსიკა ჟამთააღმწერლის სიზუსტით ასახავს ერის ისტორიულ პერიპეტიებს. სწორედ ამიტომ არის თანამედროვე ქართულ ენაში სპარსული, არაბული და თურქული ნასესხები სიტყვები. ასევე გასაგები უნდა იყოს, რატომ შემოვიდა ამდენი სიტყვა ქართულში რუსული ენიდან, როდესაც ჩვენი ქვეყანა პრაქტიკულად ორენოვანი იყო ორი საუკუნის განმავლობაში.

ნასესხობა ენისა და ერის ისტორიითაა განპირობებული და სიტყვების ეტიმოლოგიაში აისახება. ქართული ლექსიკის ის ნაწილი, რომელიც ნასესხებია სპარსულიდან, თურქულიდან, არაბულიდან, რუსულიდან, თუ ნებისმიერი სხვა ენიდან ქართული ლექსიკისა და ქართული ენის განუყოფელი ნაწილია, მათი ისტორია კი ასახულია ამ სიტყვების ეტიმოლოგიაში.

↑ სარჩევი

1.2. უცხო სიტყვა

როდის დგება ენაში უცხო სიტყვის შემოტანის საჭიროება?

უცხო სიტყვების ენაში შემოტანის საკითხი დგება მაშინ, როდესაც ენობრივი კოლექტივი ეცნობა ახალ რეალიებს ან იქმნება ახალი ცოდნა, რასაც მოსდევს ახალი ცნებებისა და შესაბამისად ახალი სიტყვების წარმოქმნა. მაგალითად, შეიქმნა ინტერნეტი და გაჩნდა სიტყვა - Internet, შეიქმნა კომპიუტერი და გაჩნდა სიტყვა - computer, უფრო ადრე გაჩნდა ტელევიზორი, ტელეფონი, და ასე შემდეგ.

ამ შემთხვევაში ენას ორი არჩევანი აქვს: იგი ამგვარი ახალი ცნებებისათვის ქმნის მშობლიურ სიტყვებს საკუთარი ენის რესურსებით, ან სიტყვა შემოაქვს ენაში როგორც უცხო სიტყვა. ბევრი ენა ირჩევს პირველ გზას, მაგალითად, კომპიუტერის ეკვივალენტი ფრანგულ ენაში არის ordinateur, ირლანდიურში კი ríomhaire. ინტერნეტი ირლანდიურად არის an t-idirlíon, პრეზიდენტი - uachtarán. დინოზავრის ეკვივალენტი ისლანდიურ ენაზე არის risaeðla, სიტყვასიტყვით "გოლიათი ხვლიკი". თვეების სახელები ჩეხურ ენაზე: leden, únor, březen, duben, květen, červen, červenec, srpen, září, říjen, listopad, prosinec.

ქართული ენა საკმაოდ ღიაა ამ თვალსაზრისით, იგი იღებს უცხო სიტყვებს, თუმცა, ქართული ენის რესურსებით ახალი სიტყვების შექმნის არაერთი წარმატებული მაგალითი არსებობს.

ამდენად, უცხო სიტყვის ენაში შემოტანის საჭიროება დგება მაშინ, როდესაც ენობრივი კოლექტივი ეცნობა ახალ რეალიებს, ან მაშინ, როდესაც იქმნება ახალი ცოდნა, თუმცა, როგორც ვნახეთ, ამ შემთხვევაშიც ენას აქვს არჩევანი: ამ ახალი ცნების აღმნიშვნელი უცხო სიტყვის შემოტანა ენაში, ან მშობლიური ენის რესურსებით ახალი სიტყვის, ნეოლოგიზმის შეთხზვა.

↑ სარჩევი

1.3. ბარბარიზმი

ბარბარიზმი არის საჭიროების გარეშე ენაში შემოტანილი უცხო ენის სიტყვა, რომელსაც აქვს შესატყვისი მშობლიურ ენაში (ხშირად რამდენიმე შესატყვისიც) და რომლის ასიმილაცია ენაში არ ხდება.

სჭირდება თუ არა ქართულ ენას ის ინგლისურენოვანი ბარბარიზმები, რომელთაც შედარებით მოკრძალებულად შემოაბიჯეს ენაში რამდენიმე წლის წინ, მაგრამ დღეს უკვე ზვავად იქცნენ და თავის გზაზე წალეკვით ემუქრებიან ასობით ქართულ სიტყვას:

დააფდეითებაto updateგანახლება
დაბუსტვაto boostრეკლამის გაკეთება, პოპულარობის გაზრდა
დაკლიკვაto clickდაწკაპუნება
დალაიქებაto likeმოწონება
დათაგვაto tagმონიშვნა
დაფორვარდებაto forwardგადაგზავნა
დაქენსელებაto cancelგაუქმება
დისემინაციაdisseminationგავრცელება
დედლაინიdeadlineუკანასკნელი / ბოლო ვადა
დეიოფიday offერთდღიანი შვებულება
დესტინაციაdestinationდანიშნულების ადგილი
დრაივიdriveმუხტი
დუთიფრიduty freeუბაჟო
ევალუაციაevaluationშეფასება
ევიდენსიevidenceმონაცემები, ფაქტები
ემერჯენსიemergencyსასწრაფო დახმარება, სასწრაფო დახმარების მანქანა
ექშენ ფლენიaction planსამოქმედო გეგმა
ვალიდურობაvalidityკანონიერი ძალა, ძალამოსილობა / ძალამოსილება
იმპლემენტაციაimplementationგანხორციელება, შესრულება, რეალიზაცია
ინსპირაციაinspirationშთაგონება
კოლაბორაციაcollaborationთანამშრომლობა, ერთობლივი მუშაობა

ბარბარიზმების სრული სია იხილეთ ბარბარიზმების ლექსიკონში.

ამ მაგალითებისათვის თვალის გადავლებაც კი ნათელს ხდის, რომ ყველა ინგლისური ძირის სიტყვას აქვს ბუნებრივი ქართული შესატყვისი, რიგ შემთხვევაში, რამდენიმე შესატყვისიც. ამდენად, არ არსებობს მათი ქართულ ენაში შემოტანის რაიმენაირი საჭიროება. მეორე მხრივ, ამ ტიპის ბარბარიზმების ენაში მომრავლება ქმნის მთელ რიგ პრობლემებს, რომელთაც ქვემოთ შევეხები.

↑ სარჩევი

2. ბარბარიზმების მიერ ქართულ ენაში შექმნილი პრობლემები

2.1. ენის საკომუნიკაციო ფუნქცია

ბარბარიზმების დიდი რაოდენობით ენაში შემოსვლა აფერხებს ურთიერთგაგებას. მაგალითად, მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელთან მიმართებით ხშირად ისმის ბარბარიზმი - ბორდი, რიგითი მოქალაქეების უმრავლესობამ არ იცის რას ნიშნავს ბორდი. ინგლისური board ქართულად ბევრ რამეს შეიძლება ნიშნავდეს: სამეთვალყურეო საბჭო (supervisory board), დირექტორთა საბჭო (board of directors), მრჩეველთა საბჭო (board of advisers). ბორდის ნაცვლად სამეთვალყურეო საბჭოს გამოყენება (საზოგადოებრივ მაუწყებელთან მიმართებით) ბევრად გასაგებს გახდის მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მიერ გადაცემულ ინფორმაციას მოსახლეობისათვის. დამაბნეველია ბარბარიზმები: დაბუსტვა (to boost), სიქლივი (sick leave), რითრითი (retreat), ქეისის პატერნი (case pattern), ბულით ფოინთები (bullet points) და სხვა. ორი ან რამდენიმე ბარბარიზმის თავმოყრა წინადადებაში კიდევ უფრო ართულებს აზრის გაგებას.

ამდენად, ბარბარიზმების მიერ გამოწვეული ერთ-ერთი პრობლემა არის გართულებული ურთიერთგაგება და თუ ეს პროცესი არ შეჩერდა, საქართველოში სერიოზული საფრთხე ექმნება ქართული ენის საკომუნიკაციო ფუნქციას.

↑ სარჩევი

2.2. რუსული და ინგლისური ენებიდან სხვადასხვა მნიშვნელობით შემოსული ლათინური ძირის სიტყვები

როგორც ზემოთ აღინიშნა, რუსული ენიდან ქართულში ბევრი ლათინური ძირის სიტყვა შემოვიდა და დამკვიდრდა იმ მნიშვნელობით, რაც ამ სიტყვას ჰქონდა რუსულ ენაში.

მაგალითად, სიტყვა ასპირანტი, როგორც უცხო სიტყვა, რუსული ენიდან შემოვიდა ქართულში და აღნიშნავდა ასპირანტურის სტუდენტს, аспирант. იგივე ძირის სიტყვა, ამჯერად ინგლისური ენიდან შემოსული ქართულში, გამოიყენება საქართველოსთან და სხვა, ნატოში გაწევრიანების მსურველ ქვეყნებთან მიმართებით - ასპირანტი ქვეყნები. რეალურად, ინგლისური სიტყვის aspirant, რომელიც ნაწარმოებია ზმნისგან to aspire (სწრაფვა), შესატყვისებია: პრეტენდენტი, კანდიდატი, მაძიებელი. შესაბამისად, პრეტენდენტი, კანდიდატი ქვეყანა და არა ასპირანტი ქვეყანა. მსგავსი მაგალითები უკვე საკმაოდ დაგროვდა ქართულ ენაში.

ასეთივე ტერმინია საკმაოდ დამკვიდრებული სამედიცინო ტერმინი - ოკუპაციური თერაპია. ყველასათვის ცნობილია, რომ ოკუპაცია ასევე რუსული ენიდანაა შემოსული ქართულში და აღნიშნავს შემდეგს: "რომელიმე სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების მიერ სხვა ქვეყნის ტერიტორიის დროებითი დაკავება". განხილულ ტერმინში სიტყვა ოკუპაცია გამოიყენება ინგლისური სიტყვის occupation ერთ-ერთი მნიშვნელობით, კერძოდ - საქმიანობა. სწორედ ამ მნიშვნელობასთანაა დაკავშირებული სამედიცინო ტერმინი occupational therapy, რაც რეაბილიტაციის ერთ-ერთი სახეობაა და შრომით თერაპიას აღნიშნავს.

ბოლო დროს, სხვადასხვა სარეკლამო განცხადებებში მომრავლდა შემდეგი შესიტყვებები: დელიკატური კრემი, დელიკატური რეცხვა, დელიკატური ფხვნილი ინგლისური შესიტყვებების ანალოგიით: delicate cream, delicate washing, delicate powder. ქართული დელიკატური არ უდრის ინგლისური სიტყვის delicate მნიშვნელობას. ქართული სიტყვა დელიკატური, ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის მიხედვით ნიშნავს შემდეგს: "თავაზიანი, ზრდილობიანი", რაც შეესატყვისება რუსულ ზედსართავ სახელს деликатный (деликатный человек) და მეტყველებს იმაზე, რომ ეს სიტყვა ქართულ ენაში რუსული ენიდან შემოვიდა და დამკვიდრდა მითითებული მნიშვნელობით.

ინტერვენცია, როგორც უცხო სიტყვა, ქართულში რუსული ენიდან შემოვიდა (интервенция) და ნიშნავს შემდეგს: "ერთი ან რამდენიმე სახელმწიფოს ძალადობრივი ჩარევა რომელიმე ქვეყნის საშინაო საქმეებში ტერიტორიის დასაპყრობად და მისთ". იმავე ძირის სიტყვა, შემოსული ინგლისური ენიდან (intervention) ცდილობს დამკვიდრდეს მნიშვნელობით - ჩარევა (მაგ. ეროვნული ბანკი მოახდენს ინტერვენციას ლარის კურსის გასამყარებლად).

რეზერვაცია, როგორც უცხო სიტყვა, ქართულში შემოვიდა რუსული ენიდან (резервация) და დამკვიდრდა შემდეგი მნიშვნელობით: "ჩრდილოეთ ამერიკაში, ავსტრალიაში ტერიტორია, რომელიც გამოყოფილია მკვიდრი მოსახლეობისათვის". იმავე ძირის სიტყვა reservation, ამჯერად ინგლისური ენის გავლენით მკვიდრდება მნიშვნელობით - დაჯავშნა (მაგ. გააკეთეთ სასტუმროს რეზერვაცია?).

მაშასადამე, ერთი და იმავე ძირის სიტყვები რუსული ენიდან ქართულში ერთი მნიშვნელობითაა დამკვიდრებული, ინგლისური ენიდან კი სხვა მნიშვნელობით იკაფავს გზას, რაც ასევე ენაში მიუღებელ ქაოსს ქმნის. ამ თემას ასევე უკავშირდება ხშირ შემთხვევაში სრულიად შეგნებული მცდელობები რუსული ენიდან შემოსული სიტყვები ჩანაცვლდეს ინგლისური ძირის სიტყვებით (მაგალითად: მაღაზია - მარკეტი, მოდა - ფეშენი, ტენდენცია - ტრენდი და სხვა), რაც ასევე სრულიად მიუღებელ ტენდენციად მეჩვენება. როგორც ზემოთ აღვნიშნე, ქართული ენის ისტორიის სხვადასხვა ეტაპზე ენაში შემოსული ნასესხობა უკვე მისი კუთვნილებაა, სრულადაა ენაში ასიმილირებული და არ შეიძლება ამ პროცესის ხელოვნური მართვა პოლიტიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე, მით უფრო, რომ როგორც ზემოთ ითქვა, რუსული ენიდან ქართულში ბევრი "ევროპული" ძირის სიტყვა შემოვიდა.

↑ სარჩევი

2.3. ფართო მნიშვნელობის ინგლისური სიტყვები და მათი შესატყვისი ბარბარიზმები ქართულ ენაში

ინგლისურ ენაში ხშირად გვხვდება სიტყვები, რომლებსაც ძალიან ფართო მნიშვნელობა აქვთ ან დიდი პოლისემიურობით ხასიათდებიან. ქართულად მათი თარგმნისას სხვადასხვა ქართული ეკვივალენტის გამოყენებაა საჭირო. როდესაც ამ ტიპის ინგლისური სიტყვა ხდება ბარბარიზმის წყარო ქართულ ენაში, ის სერიოზულ თავსატეხად იქცევა ხოლმე. მაგალითისათვის საკმარისია გავაანალიზოთ ისეთი სიტყვა, რომელიც გამალებით მკვიდრდება ქართულში, როგორიცაა ფასილიტატორი. სხვადასხვა კონტექსტების ანალიზი, რომლებშიც მოცემული სიტყვა გვხვდება, აჩვენებს, რომ ფასილიტატორის ინტერპრეტაციასთან დაკავშირებით დიდი სიჭრელე გვაქვს ენაში. ირკვევა, რომ:

  1. ფასილიტატორი არის მასწავლებელი ან რეპეტიტორი, რომელიც ეხმარება სპეციალური საჭიროებების მქონე მოსწავლეს დავალებების შესრულებაში; ან
  2. სკოლის მასწავლებელი, რომელმაც გაიარა სპეციალური მომზადება და ეხმარება სხვა მასწავლებლებს; ან
  3. მასწავლებელი, რომელიც ეხმარება მოსწავლეებს აღმოჩენით / გამოკვლევით სწავლაში (!); ან
  4. მასწავლებელი, რომელსაც შეუძლია დახმარება გაუწიოს მასწავლებლებს როგორც ინდივიდუალური, ისე ჯგუფური კონსულტაციების სახით; ან
  5. ექსპერტი; ან
  6. სპეციალისტი; ან
  7. ტრენინგის ჩამტარებელი; ან
  8. მოდერატორი.

ფასილიტატორის წყარო არის ინგლისური სიტყვა - facilitator. Facilitation ნიშნავს შემსუბუქებას, გაადვილებას, გაიოლებას, შესაბამისად, facilitator არის ის, ვინც აადვილებს, ამსუბუქებს, ხელს უწყობს რაიმეს, კერძოდ: სასწავლო პროცესს, დისკუსიას, სემინარს / სამუშაო შეხვედრას (ე.წ. ვორქშოპს) და სხვა. როგორც ინგლისური განმარტებებიდან ჩანს, იგი არ ერევა უშუალოდ პროცესში, არამედ მიმართულებას აძლევს მას პროცესის ზედამხედველობით, რჩევით, კონსულტაციით და ა.შ.

  • a person who helps someone do something more easily by discussing problems, giving advice, etc. rather than telling them what to do;
  • one that helps to bring about an outcome (as learning, productivity, or communication) by providing indirect or unobtrusive assistance, guidance, or supervision.
  • ქართულ ენაში არის ბევრი სიტყვა (საკუთარი, თუ უკვე დამკვიდრებული უცხო სიტყვის სახით), რომელიც აღნიშნული ინგლისური სიტყვის მნიშვნელობას გადმოსცემს, კერძოდ:

    • წარმმართველი ვინც ან რაც წარმართავს, სწორი მიმართულების მიმცემი;
    • მრჩეველი რჩევის, რჩევა-დარიგების მიმცემი;
    • კონსულტანტი;
    • სპეციალისტი;
    • დამხმარე;
    • თანაშემწე.
    • The teacher acts as a facilitator of learning მასწავლებელი სასწავლო პროცესის წარმმართველია;
    • facilitator of a discussion დისკუსიის წარმმართველი / წამყვანი;
    • facilitator of a project პროექტის მრჩეველი / კონსულტანტი.

    ამდენად, facilitator არის ფართო მნიშვნელობის სიტყვა, რომელიც ქართულად თარგმნისას მოითხოვს სხვადასხვა ქართულ სიტყვას. ამის ნაცვლად ყველა შემთხვევაში ფასილიტატორის გამოყენებამ წარმოშვა ისეთი სიჭრელე, რომელიც თავსატეხად იქცა ენისთვის.

    ანალოგიური შემთხვევასთან გვაქვს საქმე ბარბარიზმის პატერნი შემთხვევაში, რომლის წყაროა უაღრესად პოლისემიური და ფართო მნიშვნელობის ინგლისური სიტყვა pattern. იმისათვის, რომ ამ ბარბარიზმის მნიშვნელობები დავადგინოთ ქართულში, სერიოზული სამეცნიერო კვლევაა ჩასატარებელი კორპუსული მეთოდოლოგიის გამოყენებით.

    ↑ სარჩევი

    2.4. უცხო სიტყვა ვერასდროს ვერ ჩაატანს ღრმად კაცის ბუნებაში

    ამ ქვეთავისთვის იაკობ გოგებაშვილის ამ ციტატას მოვიშველიებ, რომელიც კარგად გამოხატავს ბარბარიზმების მავნე ზემოქმედების კიდევ ერთ ასპექტს, რომელზეც მინდა ყურადღების გამახვილება.

    ვერ ჩაატანს ღრმად კაცის ბუნებაში

    იაკობ გოგებაშვილი

    ინსპირაცია, ინსპირირებული და კრეატიული - ამ ბარბარიზმებმა საკმაოდ მოიკიდა ფეხი ქართულ ენაში და მათ ვერ ელევა ჩვენი შემოქმედებითი ახალგაზრდობის ერთი ნაწილი. და მაინც რატომ ვეუბნებით არას ამ სიტყვებს!

    ინსპირაციის შესატყვისი ქართული სიტყვაა შთაგონება, ინსპირირებულისა - შთაგონებული, ხოლო კრეატიულისა - შემოქმედებითი.

    ქართულმა ენამ ლიტერატურული ან ხელოვნების ნაწარმოების შემქმნელს, შემთხზველს - შემოქმედი უწოდა, ანუ შემოქმედებითი პროცესითა და საქმიანობით დაკავებული ადამიანი თავად ღმერთს, ყველაზე დიდ შემოქმედს გაუტოლა! ამ სიტყვას უკავშირდება და მისგანაა ნაწარმოები შემოქმედებითიც, შემოქმედებითი ნიჭი, შემოქმედებითი ძალა, ანუ თავად შემოქმედის, ღმერთის მსგავსი ნიჭი...

    ამ სიტყვებთან (შემოქმედი - შემოქმედებითი) დაკავშირებულია შთაგონება. ვინ შთააგონებს ხელოვან ადამიანს, ანუ შემოქმედს? ვინ აღძრავს მას მხატვრული შემოქმედებისაკენ? ღმერთი, თავად ყველაზე დიდი შემოქმედი! როდესაც შთაგონებას, შემოქმედებითს ვანაცვლებთ ინსპირაციითა და კრეატიულით, უნდა გვახსოვდეს, რომ ეს სიტყვები "ვერ ჩაატანს ღრმად კაცის ბუნებაში".

    ↑ სარჩევი

    3. ქართულ ენაში ინგლისურენოვანი ბარბარიზმების მომრავლების მიზეზები

    3.1. უცხო ენების სწავლების მეთოდოლოგია

    ინგლისურენოვანი ბარბარიზმების მომრავლების ერთ-ერთი მიზეზი, ჩემი აზრით, არის ინგლისური ენის სწავლებისას მშობლიური ენისა და ორენოვანი ინგლისურ-ქართული ლექსიკონების უგულებელყოფა.

    სულ უფრო მეტი უცხოელი მეცნიერი უსვამს ხაზს იმ გარემოებას, რომ უცხო ენების სწავლებისას საჭიროა უცხო ენის შემსწავლელს გავაცნობიერებინოთ მის მშობლიურ ენასა და უცხო ენას შორის არსებული სხვაობა, ასიმეტრია. უცხო ენის შესწავლისას მნიშვნელოვანია უცხო ენის ლექსიკური, გრამატიკული და სინტაქსური ინფორმაციის შესაბამისობაში მოყვანა მშობლიური ენის შესაბამის ლექსიკურ, გრამატიკულ და სინტაქსურ ინფორმაციასთან.

    ინგლისურენოვან ბარბარიზმებზე დაკვირვება და მათთან დაკავშირებული პროცესების ანალიზი მიქმნის შთაბეჭდილებას, რომ ჩვენში გავრცელებულია აზრი, თითქოს ქართულ და ინგლისურ სიტყვებს შორის არსებობს მარტივი სიმეტრია, რომ ქართული სიტყვები იგივე შინაარსს გადმოსცემენ, ან უნდა გადმოსცემდნენ, რასაც მათი შესატყვისი ინგლისური სიტყვები, რომ ერთ ინგლისურ სიტყვას ერთი ქართული სიტყვა უნდა შეესატყვისებოდეს, ორს - ორი და ა.შ. შესაძლოა სწორედ ეს გავრცელებული აზრი იყოს კიდეც ქართულ ენაში ამდენი ბარბარიზმის მომრავლების წყარო.

    ↑ სარჩევი

    3.1.1. სემანტიკური ასიმეტრია ქართულ და ინგლისურ ენებს შორის

    სინამდვილეში კი სრულიად სხვა ვითარება გვაქვს. ძნელია მოიძებნოს ქართული და ინგლისური თითქოსდა ეკვივალენტური სიტყვები, რომლებიც ყველა კონტექსტში ჩაანაცვლებენ ერთმანეთს.

    • ქართული ისარი ინგლისურად არის arrow; საათის ისარი კი არის არა arrow, არამედ hand (of a clock);
    • ქართული კარი ინგლისურად არის door; კარი (ფეხბურთისა) - goal; ხოლო კარი (წიგნისა)chapter;
    • ქართული სწორის ინგლისური შესატყვისია straight (მაგ. ქუჩა); სწორი პასუხის შემთხვევაში, სწორის ინგლისური შესატყვისია correct (answer); სწორი სახის ნაკვთების შემთხვევაში კი ქართული სწორის ინგლისური ეკვივალენტია regular (features).
    • ინგლისური thick ქართულად ითარგმება როგორც სქელი; მაგრამ thick hair არის ხშირი, გრუზა თმა; thick forest - გაუვალი, დაბურული ტყე; thick darkness - თვალშეუვალი, უკუნი სიბნელე.
    • ინგლისური strip ქართულად არის ტანსაცმლის გახდა, მაგრამ strip the room - ოთახის ავეჯისგან დაცლა; strip a bed - ლოგინიდან თეთრეულის აღება (გასარეცხად); strip the paint - საღებავის აფხეკა; strip of the rank - წოდების ჩამორთმევა და სხვა.
    დიდი ინგლისურ-ქართული ლექსიკონი, 2010

    ეს არის ენობრივი კანონზომიერება!

    ასევე ინგლისურ ენაში არის სიტყვები, რომლებიც ქართულ ენაში საერთოდ არ არის ლექსიკალიზებული. მაგ. privacy ინგლისურ ენაში ნიშნავს - პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას. ეს სიტყვა ქართულ ენაში არ არის ლექსიკალიზებული, ჩვენ არ გვაქვს ერთი სიტყვა, რომელიც ამ ცნებას აღნიშნავს, ამიტომ მისი ქართულად გადმოცემისათვის გვჭირდება სამი სიტყვა - პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას.

    ესეც კანონზომიერებაა და არ ნიშნავს იმას, რომ ქართული ენა ნაკლულია ინგლისურ ენასთან მიმართებით. ასევე არის ქართულშიც უამრავი ცნება, რომელიც არ არის ინგლისურ ენაში ან სხვა ენებში ლექსიკალიზებული.

    სწორედ ასეთი სწორხაზოვანი სიმეტრიის არარსებობა არის ყოველი ცალკეული ენის, მათ შორის ქართული ენის, სიმდიდრე და უნიკალურობა.

    ეს ასიმეტრია ინგლისური ენის შემსწავლელმა, სპეციალისტმა, მასწავლებელმა, მთარგმნელმა კარგად უნდა გაითავისონ და ინგლისური ენისა და, ზოგადად, უცხო ენების შესწავლის ქვაკუთხედი უნდა გახდეს.

    ციტატა სტატიიდან Importance of the Issue of Partial Equivalence for Bilingual Lexicography and Language Teaching, მარგალიტაძე, მელაძე, 2016

    ↑ სარჩევი

    3.1.2. უცხო ენის სწავლება დაუშვებელია მშობლიური ენის გარეშე

    სწორედ ამ განსხვავებების გამო არის საჭირო უცხო ენის ინფორმაციის შესაბამისობაში მოყვანა მშობლიური ენის შესაბამის ინფორმაციასთან. არადა ბოლო წლებში საქართველოში გავრცელებული უცხო ენების სწავლების მეთოდები მაქსიმალურადაა ორიენტირებული მშობლიური ენის განდევნაზე სასწავლო პროცესიდან, თარგმანის როლის დაკნინებაზე, რასაც თან ახლავს ორენოვანი, თარგმნითი ლექსიკონების გამოყენების უარყოფა ერთენოვანი, უცხოენოვანი განმარტებითი ლექსიკონების სასარგებლოდ.

    ჩემი აზრით, ინგლისური ბარბარიზმის გამოყენების მიზეზი, ხშირ შემთხვევაში, არის ქართული ბუნებრივი ეკვივალენტის არცოდნა.

    მოსაუბრე ვერ არჩევს საჭირო ქართულ სიტყვას, რადგან მის ცნობიერებაში ესა თუ ის ინგლისური სიტყვა არ არის შესაბამისობაში მოყვანილი მის ბუნებრივ ქართულ ეკვივალენტთან. უცხო ენის სწავლების პროცესიდან მშობლიური ენის განდევნა, ერთი მხრივ, ხელს უშლის უცხო ენის სრულფასოვან შესწავლას, მეორე მხრივ კი, აზარალებს მშობლიურ ენას.

    უცხო ენის შესწავლა რთული პროცესია, მით უფრო ქართველისათვის ძნელია ინგლისური თუ სხვა ევროპული ენის შესწავლა, რადგან ქართული ენა არ არის ევროპული ენების მონათესავე ენა და მნიშვნელოვნად განსხვავდება მათგან როგორც სტრუქტურულად, ისე აზრის გადმოცემის მანერით.

    უცხო ენის შესწავლის დროს საჭიროა ახალი ენობრივი (ლექსიკური, მორფოლოგიური და სინტაქსური) ინფორმაციის მიმართებაში მოყვანა ენის შემსწავლელისთვის ყველაზე კარგად ნაცნობ ენასთან, ანუ მშობლიურ ენასთან. ორენოვან, უცხოურ-მშობლიურ ლექსიკონს ესა თუ ის ახალი ლექსიკური ერთეული თუ სინტაქსური კონსტრუქცია ადვილად მოჰყავს მიმართებაში მშობლიურ ენასთან.

    ეს, ერთი მხრივ, აადვილებს სწავლის პროცესს, მეორე მხრივ კი, ენის შემსწავლელს აჩვევს მშობლიურ ენაზე უცხო ენის ბუნებრივი ლექსიკური თუ სინტაქსური ეკვივალენტების გამოყენებას და ეხმარება მას გამართულად წეროს და იმეტყველოს მშობლიურ ენაზე, მშობლიურ ენას არ მოახვიოს თავს მისთვის არაბუნებრივი ფორმები. ეს პრობლემა კარგადაა ცნობილი უცხო ენების უფროსი თაობის ქართველი სპეციალისტებისათვის, რომლებიც უცხო ენებს, შესაბამისი ქართულენოვანი ლექსიკონების არარსებობის გამო, რუსულენოვანი ლექსიკონებით ეუფლებოდნენ. ამის შედეგად, უცხო ენის ქართველი შემსწავლელის ცნობიერებაში უცხო სიტყვა შესაბამისობაში იყო მოყვანილი შესაბამის რუსულ და არა ქართულ ეკვივალენტთან. იმ პერიოდში ქართული ენა ზარალდებოდა რუსული ენისა და რუსულენოვანი ლექსიკონების გამო, ახლა კი ზარალდება ინგლისურ ენასთან მიმართებით.

    რასაც საბჭოთა პერიოდში აფუჭებდა რუსულენოვანი ლექსიკონები, ახლა იმასვე აკეთებს ინგლისური ენის სწავლების პროცესში მხოლოდ ინგლისური ენის განმარტებითი ლექსიკონების გამოყენება.

    ↑ სარჩევი

    3.2. ქართული ლექსიკოგრაფიის სრული უგულებელყოფა

    ბარბარიზმების მომრავლების მეორე მიზეზი არის ქართული ლექსიკოგრაფიის უგულებელყოფა საქართველოში ბოლო 10 – 15 წლის განმავლობაში.

    სტატიის დასაწყისში აღვნიშნე, რომ ახალმა ვითარებამ, რაშიც საქართველო აღმოჩნდა დამოუკიდებლობის წლებში, ახალი დარგების განვითარებამ, მეცნიერებისა და ტექნიკის რევოლუციურმა წინსვლამ გამოიწვია ქართულ ენაში ახალი ცნებების, ახალი სიტყვების მოზღვავება ინგლისური ენის მეშვეობით. ამ ვითარებას ფილტრად ქართული ლექსიკოგრაფია უნდა დასდგომოდა.

    სწორედ ლექსიკონებს უნდა დაეცვათ ქართული ენა ქაოსური პროცესებისაგან, სწორედ პროფესიონალ ლექსიკოგრაფებს უნდა ემუშავათ ახალი ცნებების ქართულ ენაში დამკვიდრების გზებსა და მეთოდებზე, სწორედ ამ პერიოდში უნდა შექმნილიყო და გამოცემულიყო ახალი დარგობრივი ლექსიკონები ინგლისურ ენასთან მიმართებით, შექმნილიყო ახალი ლექსიკონები ევროპულ ენებთან მიმართებით, გაძლიერებულიყო მუშაობა ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის ახალ რედაქციაზე, გადამუშავებულიყო არსებული ლექსიკონები, და სხვა. ამის ნაცვლად, საქართველოში ლექსიკოგრაფიული საქმიანობა და ქართველი ლექსიკოგრაფები უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდნენ.

    2010 წელს ბათუმში ჩატარდა პირველი საერთაშორისო სიმპოზიუმი ლექსიკოგრაფიაში, რომლის ორგანიზატორები იყვნენ: არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექსიკოგრაფიული ცენტრი და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი. სიმპოზიუმმა მიიღო მიმართვა საქართველოს მთავრობისა და აკადემიური საზოგადოებისადმი, რომელშიც გაანალიზებული იყო ქართულ ლექსიკოგრაფიაში შექმნილი მძიმე ვითარება და მისი მიზეზები და შემუშავებული იყო რეკომენდაციები ამ პრობლემის მოსაგვარებლად.

    "... მდგომარეობა ქართული ლექსიკოგრაფიისა, რომელსაც ხანგრძლივი ისტორია და დიდი ტრადიციები აქვს, სერიოზული განგაშის საფუძველს იძლევა. ლექსიკოგრაფის კოლოსალური შრომა დღევანდელ საქართველოში თითქმის სრულიად დაუფასებელია... დასამალი არ არის, რომ დღეისათვის ძირითადი და სავალდებულო ლექსიკონების თვალსაზრისით მკვეთრად ჩამოვრჩებით იმ დონეს, რომელიც ევროპული სტანდარტებით მოეთხოვება განვითარებული მწიგნობრობის ქვეყანას, და ეს ჩამორჩენა თანდათანობით გამოუსწორებელ ხასიათს იძენს. ასეთ ვითარებაში დარგს დაღუპვა ემუქრება".

    ციტატა საქართველოს მთავრობისა და აკადემიური საზოგადოებისადმი მიმართვიდან, პირველი საერთაშორისო სიმპოზიუმი ლექსიკოგრაფიაში, ბათუმი, 2010.

    სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ ორი საერთაშორისო სიმპოზიუმის შედეგად გარკვეული ცვლილებები მოხდა დარგში, ვერ ვხედავთ რადიკალურ ძვრებს და იმ ნაბიჯებს, რამაც ეს უმძიმესი ჩამორჩენა უნდა აღმოფხვრას, არადა სწორედ ეს ჩამორჩენაა თანამედროვე ქართულ ენაში მიმდინარე პროცესების ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი, სხვა მიზეზებთან ერთად.

    ↑ სარჩევი

    3.3. უცხოეთში განათლებამიღებული ქართველები

    ინგლისურენოვანი ბარბარიზმების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყაროა უცხოეთში განათლებამიღებული ქართველები, მხედველობაში მყავს პოლიტიკოსები, ექსპერტები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და სხვა. ვინაიდან ისინი ყველაზე ხშირად გამოდიან მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით, სწორედ მათი მეტყველებიდან ვრცელდებოდა და ვრცელდება დღესაც ესა თუ ის ბარბარიზმი ქართულ ენაში. ამიტომ, ქართული ენის დაწმენდის პროცესი ამ სფეროებით უნდა დაიწყოს.

    არ მინდა ვინმეს შეექმნას შთაბეჭდილება, თითქოს უცხოეთში განათლების მიღების წინააღმდეგი ვარ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სწორედ უცხოეთში განათლებამიღებულმა მეცნიერებმა დაარსეს და სწორედ ისინი ქმნიდნენ დიდი რუდუნებით იმ პერიოდში ქართულ ტერმინოლოგიას, რათა ქართულ უნივერსიტეტში ქართულ ენაზე წაკითხული ლექციები არ ყოფილიყო გაჯერებული უცხოენოვანი ტერმინოლოგიით.

    ↑ სარჩევი

    3.4. ტრენინგები

    ბარბარიზმების მნიშვნელოვანი წყაროა სხვადასხვა წარმომავლობის ტრენინგები, რომელსაც უტარებენ მასწავლებლებს, ბანკირებს, ეკონომისტებს თუ სხვა სფეროს წარმომადგენლებს. ეს ტრენინგები ძირითადად ინგლისურენოვან მასალას ეფუძნება და სავსეა ბარბარიზმებით. ინტერნეტში სხვადასხვა ტრენინგების პროგრამების შეთვალიერებაც კი საკმარისია იმისათვის, რომ ბარბარიზმების ეს წყარო მთელი სერიოზულობით დავინახოთ.

    საჭიროა გარკვეული წესების შემოღება, რაც ტრენინგის ჩამტარებელს დაავალდებულებს დაამუშაოს სათანადო ტერმინოლოგია, სანამ ამგვარი სასწავლო თუ გადამზადების კურსების ჩატარების უფლებას მოიპოვებს.

    ↑ სარჩევი

    4. თანამედროვე ქართული ტერმინოლოგია

    აქამდე ჩვენ ვსაუბრობდით იმ პროცესებზე, რაც ქართულ ენაში ვლინდება საერთო ლექსიკის დონეზე. კიდევ უფრო რთული ვითარებაა დარგობრივი ტერმინოლოგიის თვალსაზრისით. დასაწყისში აღვნიშნე, რომ მეცნიერებისა და ტექნიკის სწრაფი განვითარების შედეგად ქართულ ენას მოაწყდა უამრავი ახალი სიტყვა, ახალი ცნება, ახალი ტერმინი ინგლისური ენის მეშვეობით, ენა კი არ აღმოჩნდა მზად თავი გაერთმია ამისათვის იმ მიზეზების გამო, რაზეც ზემოთ მქონდა საუბარი, მათ შორის ერთ-ერთი მიზეზი ლექსიკოგრაფიული საქმიანობის უგულებელყოფა იყო. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ დარგის სპეციალისტს არავინ უშლიდა და არ უშლის დღეს დაფიქრდეს იმაზე, თუ როგორ გადმოიტანოს ქართულად ესა თუ ის უცხოენოვანი ტერმინი. რატომ უნდა გამოიყენოს სამედიცინო სფეროს წარმომადგენელმა ტერმინი ინკურაბელური! აღნიშნული სამედიცინო ტერმინის ინგლისური წყაროა incurable (ლათინური incurabilis), მისი ქართული ეკვივალენტებია უკურნებელი ავადმყოფობის შემთხვევაში, ხოლო თავად ავადმყოფის შემხვევაში უიმედო / უკურნებელი. ურგენტულისა არ იყოს, რომელიც სასწრაფო, გადაუდებელს ნიშნავს (ინგლისური სიტყვიდან urgent, ლათინური urgens, urgentis და ა.შ.), გაუგებარია რა საჭიროებითაა გამოწვეული ქართულ ენაში ამ ტერმინების დამკვიდრება.

    ნებისმიერი დარგი სავსეა და, ეს პროცესი კვლავაც გრძელდება, ტერმინოლოგიური ბარბარიზმებით. თანამედროვე ქართულ ტერმინოლოგიაზე დაკვირვება ისეთ შთაბეჭდილებას ქმნის, თითქოს საქართველოში არც არასდროს არ ყოფილა ტერმინოლოგიური მუშაობა და ტერმინოლოგიური მუშაობის არავითარი ტრადიცია არ არსებობდეს. არადა, სწორედ რომ პირიქითაა საქმე! ქართველი მეცნიერები, ლინგვისტებთან თანამშრომლობით, დიდი რუდუნებით ქმნიდნენ ქართულ ტერმინოლოგიას. ეს ტრადიცია უნდა დავაბრუნოთ ქვეყანაში. ვფიქრობ დადგა დრო, როდესაც უნდა დაიწყოს ამ პროცესის დაწმენდა. ეს პროცესი ტერმინოლოგიაში ბევრად უფრო რთულია, ვიდრე საერთო ლექსიკაში, რადგან ტერმინოლოგიის შემთხვევაში, ამა თუ იმ ტერმინის დამკვიდრებისათვის საჭიროა დარგის სპეციალისტების ჩართულობა, საერთო შეთანხმება მისი ქართული ეკვივალენტის მიზანშეწონილობის თაობაზე. სადაც შესაძლებელია, სასურველია დამკვირდებული უცხო ტერმინისთვის შეიქმნას ქართული სინონიმი, რათა შესაძლებელი იყოს ორივე ტერმინის გამოყენება, როგორც სინონიმებისა, საერთაშორისო და ადგილობრივი სინონიმებისა. საჭიროა გააქტიურდნენ სხვადასხვა დარგის სპეციალისტები, უნივერსიტეტის პროფესორები, სტუდენტები, განსაკუთრებით მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტები, რათა თითოეული ტერმინის შემთხვევა გაანალიზდეს და გადაწყდეს რამდენად შესაძლებელია და მიზანშეწონილი მისი ქართული ეკვივალენტის, ან ქართული სინონიმის შექმნა. ეს იმდენად შრომატევადი და დიდი საქმეა, რომ მხოლოდ დარგის სპეციალისტების აქტიური მონაწილეობით იქნება შესაძლებელი თანამედროვე ქართული დარგობრივი ტერმინოლოგიის შექმნა.

    დადგა დრო, ქართულმა ენამ თავისი კუთვნილი ადგილი დაიკავოს საქართველოში.

    ↑ სარჩევი

    5. დასკვნა

    ქართული ენა უნდა განავითარონ პროფესიონალმა ლექსიკოგრაფებმა, პროფესიონალმა მთარგმნელებმა, ქართული ენის სპეციალისტებმა და სხვადასხვა დარგის წარმომადგენელმა მეცნიერებმა.

    დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ ქართულ ენას არ სჭირდება გაინგლისურება, მას სჭირდება განვითარება. ქართული ენა უნდა განავითარონ პროფესიონალმა ლექსიკოგრაფებმა აკადემიური ლექსიკონებით: განმარტებითი, დარგობრივი, ორენოვანი და სხვა; ენა უნდა განავითარონ პროფესიონალმა მთარგმნელებმა როგორც მხატვრული, ისე დარგობრივი ლიტერატურის კვალიფიციური თარგმანებით; ენა უნდა განავითარონ ქართული ენის სპეციალისტებმა, სხვადასხვა დარგის წარმომადგენელმა მეცნიერებმა და სხვა.

    ენაში მიმდინარე პროცესების ანალიზი ცხადყოფს, რომ ამ პროცესების მიზეზი, ხშირ შემთხვევაში, არის ცოდნის ნაკლებობა: ზოგჯერ ქართული ენის ცუდად ცოდნა, ზოგჯერ ინგლისური ენის ცუდად ცოდნა, უცხო ენების სწავლების არასწორი მეთოდები, ლექსიკონების ნაკლებობა და არსებული ლექსიკონების გამოყენების უნარ-ჩვევების არქონა და სხვა, ჩემ მიერ ზემოთ გაანალიზებული საკითხები.

    ქართული ენის განვითარებას, უპირველეს ყოვლისა, ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემების მოგვარება სჭირდება. თუ ჩვენ ამას არ გავაკეთებთ, ესე იგი ჩვენ საბოლოოდ ვამბობთ უარს ჭეშმარიტ ინტეგრაციაზე ევროპულ სამეცნიერო-საგანმანათლებლო სივრცეში, უარს ვამბობთ ეროვნული ენისა და კულტურის განვითარებაზე ევროპული მოთხოვნების შესაბამისად.

    ↑ სარჩევი

    განხილვის/მზადების პროცესში
    მოხოდვა
    გერკულესი
    ნევედიმკა, ნევეძიმკა
    მესიჯი
    ფროდი
    გალსტუკი
    კასტინგი
    ს ბოგამ, სბოგამ
    მიგალკა
    განტელი, განტელები
    და კიდევ 12 სხვა
    უკანასკნელი დამატებები
  • დვორნიკი²
  • მეეზოვე
  • რე-რეგისტრაცია
  • ხელახალი რეგისტრაცია
  • ლოქერი
  • (საკეტიანი პატარა) უჯრა
  • სნექი
  • ხემსი
  • რეპორტინგი
  • 1. (ფინანსური) ანგარიშგება; აუდიტის / აუდიტორული დასკვნა;
  • 2. შეტყობინება
  • დანექსთვა
  • შემდეგზე (მაგ. შემდეგ მომხმარებელზე) გადასვლა (მაღაზიაში და ა.შ.)
  • დასკიპვა
  • გამოტოვება
  • ფრილანსერი
  • შტატგარეშე მომუშავე ჟურნალისტი, ფოტოგრაფი და სხვა
  • პერეკრასკა
  • გადაღებვა, ხელახვა შეღებვა
  • ფასტ ფუდი
  • სწრაფი კვება
  • სტატისტიკა
    ბარბარიზმები1112
    სწორი ფორმები1237
    განხილვის/მზადების პროცესში22
    შეფასებები3406
    ძიებები42286